ინტერპრესნიუსის ცნობით, „გორის რაიონში, სოფელ ბერშუეთის განაპირას, სამების სალოცავთან ახლოს, ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს. საბა სეხნიაშვილი და ლაშა გლურჯიძე სამების სალოცავში სანთლების ასანთებად იყვნენ წასულები. საბა სეხნიაშვილი ე.წ. მესაზღვრეებს გამოექცა, ხოლო ლაშა გლურჯიძე ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
ლაშა გლურჯიძის დედა აცხადებს, რომ შვილის მობილური ტელეფონი დაკავებიდან რამდენიმე წუთში გაითიშა.
საბა სეხნიაშვილის განცხადებით, მეგობართან ერთად ეკლესიაში შედიოდნენ, რა დროსაც 8 შეიარაღებული პირი გამოჩნდა. ჯერჯერობით ამ დრომდე გლურჯიძის ოჯახს არავინ დაკავშირებია.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დავით ცერცვაძის განცხადებით, სამების ეკლესია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. შესაბამისად, ახალგაზრდებს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ. გამგებლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბერშუეთელები ხშირად გადაადგილდებიან. მათ შორის სალოცავში სხვადასხვა დღესასწაულზეც მიდიან.
დავით ცერცვაძის განცხადებით, საქმის კურსშია ჩაყენებული როგორც ძალოვანი უწყებები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.“